საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი ამოქმედდა
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი ამოქმედდა

დღეიდან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორი ექსპრესფილიალი ამოქმედდა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ელექტრონული განცხადებების მიღების ფუნქციით.

ქალაქ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად დაესწრო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს, რომ მოსახლეობას ახალი სერვისები შესთავაზოს. დღეს გაიხსნა ერთიანი მომსახურების მობილური ექსპრესფილიალები. პირველ რიგში, ეს ემსახურება ხალხისთვის კომფორტის შექმნას. ექსპრესფილიალებში 50-მდე სერვისის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს. ფაქტობრივად, „ერთი ფანჯრის პრინციპით“, დროის მოკლე მონაკვეთში, ყველა ის სერვისი, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციის მომსახურებასთან, მოქცეულია ამ პატარა სერვისცენტრში“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 50-მდე საპოლიციო სერვისი „ერთი სარკმლის პრინციპით“, დროის ნაკლები დანახარჯით, პერიოდულად, ქალაქიდან გაუსვლელად მიიღოს, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება.

შსს-ს ინფორმაციით, ექსპრესფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოძრავებენ და იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურებიან, სადაც მოქალაქეებს ე.წ. „მე-12“ ოთახით სარგებლობა, ან საპოლიციო სერვისის მისაღებად, ამ დრომდე, სხვა ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და სოციალური კამპანიის – „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სხვადასხვა კომპლექსურ ღონისძიებას მოიცავს, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ასევე, საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

დატოვე კომენტარი