საპატრულო პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

10:21, 03.12.2025

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს კახეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი