საპატრულო პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ორი პირი – 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.