საპატრიარქოში ემიგრანტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოში ემიგრანტების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაზე გლობალური პანდემიის დროს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველმა ემიგრანტებმა პანდემიის დროს თანამემამულეებს გაუწიეს.

ბექა ოდიშარიამ შეხვედრაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წმინდა სინდის წევრებს, რომელთაც გამონახეს დრო და შეხვდნენ ჩვენი წარმატებული დიასპორელების ერთ ნაწილს. ჩვენ მდიდარი ვართ იმ ადამიანებით, რომლებიც ახერხებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისა და ნაცნობების, ნათესავების მიმართ სიკეთის კეთებას, არამედ გაჭირვების ჟამს, გვერდით უდგანან მთელ საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები.

„ერთობის გრძნობა ძალიან გვეხმარება ჩვენც. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო, რადგან მიეძღვნა პანდემიის დროს ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანობას. აქ მედიკოსი იყო ძალიან ბევრი, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა ქვეყანაში და მოვისმინეთ საოცარი ამბები“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.