საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს მოსკოვში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირს დაუდგინდა „კოვიდ-19“-ის ვირუსი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დაუკავშირდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელს, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილს.

მამა კახაბერმა ჩვენთან საუბრისას ბრძანა, რომ ქართველი სასულიერო პირი მოსკოვში ინფიცირებული არ არის, თუმცა ახალი კორონავირუსი დაახლოებით პირველ მაისს დაუდასტურდა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ფიოდორ კრეჩატოვს, რის შემდეგაც ტაძრის დანარჩენი მღვდელმსახურები და მრევლი გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ტაძარს კი ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მათივე ცნობით, ამჟამად „კოვიდ-19“-ის ვირუსის სხვა დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა გარკვეული ნიშნები აქვს მრევლის რამდენიმე წევრს.

„ამასთან, მამა კახაბერის თქმით, არანაირი საბაბი იმისა, რომ ინფექციის გადადების წყაროდ ზიარება და ღვთისმსახურება ვივარაუდოთ, არ არსებობს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციაში ღიაა ყველა დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი, რაც ზრდის ვირუსის სწრაფად გავრცელების შესაძლებლობას. პირველ მაისამდე ტაძარში ყველა სააღდგომო და მიმდინარე ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. ვირუსის გავრცელების წყარო ტაძარი რომ ყოფილიყო, 120 ადამიანზე მეტი მაინც დაინფიცირდებოდა, რაც, ღვთის მადლით, სახეზე არ გვაქვს.

ამას გარდა, გუშინ ტემპერატურა აღენიშნებოდა ტაძრის კიდევ ერთ მღვდელმსახურს, ქართული გვარის მქონე რუს სასულიერო პირს, მღვდელ მირონ კანთელაძეს, მაგრამ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, მასაც „კოვიდ-19“ აქვს თუ უბრალოდ სეზონური ვირუსია.

თავად დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელადაა, თვითიზოლაციაში იმყოფება და ვირუსის ნიშნები არ აქვს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი