საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში პარაკლისი გადაიხადეს
საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში პარაკლისი გადაიხადეს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში დღეს წმინდა სინოდის წევრები იმყოფებოდნენ. მღვდელმთავრები თავდაპირველად მარნეულში, მეუფე გიორგის რეზიდენციაში შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს.

მიტროპოლიტმა იობმა ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ ქართველი ერი მოსიყვარულეა და ამიტომაცაა ამ ტერიტორიაზე ამდენი ერის წარმომადგენელი.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით უძველეს ქართულ მიწა-წყალზე. მარნეული სიტყვა მარანიდან მოდის. უძველესი ვენახისა და ღვინის სამშობლო ვართ. ძველი აღმოჩენა მარნეულში იყო და შევიდა იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ჩვენ შევიკრიბეთ ამ უძველეს მიწა-წყალზე და აღვავლინეთ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

საქართველოში ყველა ეროვნების წარმომადგენელი არის ღვთის დაშვებით. ნაწინასწარმეტყველებია, ბოლოჟამს საქართველო გაბრწყინდება.

ამ პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა. თუ გადავხედავთ მსოფლიოს ქვეყნებს, დავინახავთ, 10 მწვანე ზონის ქვეყნებში შევდივართ. ეს არის ღვთის წყალობა, რომ ასეთი მცირე რაოდენობით დაღუპული გვყავს, მცირე დაინფიცირებულები გვყავს.

ჩვენ გვსურს, რომ ყველამ დაინახოს ეკლესიის ფუნქცია და მნიშვნელობა. საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი ქართული სამოციქულო ეკლესიის წევრები არიან. გვყავს მართლმადიდებელი აზერბაიჯანელები, მართლმადიდებელი სომხები, მართლმადიდებელი იეზიდები, ქურთები, სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ნამდვილად გვსურს, რომ ძმური დამოკიდებულებით ვიყოთ ყველა ეროვნების წარმომადგენელთან. არავისთან დაძაბულობა არ გვაწყობს. ჩვენ არ ვართ ის ერი, რომელიც სხვა ერებს ებრძვის. ვართ მოსიყვარულე ერი. ამიტომაცაა ამ ტერიტორიაზე ამდენი ერის წარმომადგენელი, მაგრამ მათაც ეს სითბო და სიყვარული უნდა დააფასონ, უნდა დაინახონ ქართველი ადამიანის ბუნება.

ქართველს ადვილად ავიწყდება, ვიღაც თუ ბოროტებას გაუკეთებს. ჩვენ ბრძოლები გვქონდა აფხაზებთან, ოსებთან, მაგრამ მზად ვართ, ისინი შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში. ქართველი ადამიანი სიკეთეს აკეთებს.

ჩვენსა და აზერბაიჯანელების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის ბევრი ნათელი წერტილი, ბევრი კარგი რამ“, – აღნიშნა მეუფე იობმა.

მან ასევე მიმართა ჟურნალისტებს: „ძალიან გვიყვარხართ, როგორც ჩვენი ოჯახის წარმომადგენლები, მაგრამ ერთი რამეა გამოკვეთილი თქვენს მუშაობაში. ეძებთ ყოველთვის ნეგატიურს. ეძებთ, რომ პირველებმა თქვათ საზოგადოების წინაშე უარყოფითი. თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, მიკროფონების გარეშე მოსულიყავით სასულიერო პირებთან და გესაუბრათ. მოდით, ესაუბრეთ მღვდელმთავრებს, სწორ დარიგებას მოგცემენ. თითოეულ თქვეგანში უკვდავი სულია, ამაზე უნდა იზრუნოთ. სულს სულიერი საკვები სჭირდება. გაძლიერდებით და უარყოფითის ძებნას კი არ დაიწყებთ, დაიწყებთ დადებითის ძებნას, რომ დადებითად გააშუქოთ. კი არ დაზაფროთ და დაანევროზოთ, უნდა შეეცადოთ, კარგად მიაწოდოთ დადებითად“, – მიმართა მეუფე იობმა მედიას.