საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები მარტვილის ტერიტორიაზე აღწერას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ და აბაშაში გადაინაცვლებენ
საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრები მარტვილის ტერიტორიაზე აღწერას სავარაუდოდ დღეს დაასრულებენ და აბაშაში გადაინაცვლებენ

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ეპარქიის დროებითი მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია და სხვა სასულიერო პირები არიან შეკრებილები. არსებული ინფორმაციით, ისინი საპატრიარქოს მიერ შექმნილი ეპარქიის გადაბარების დროებითი კომისიის წევრებს ხვდებიან.

სპეციალური კომისიის ერთ-ერთი წევრის, მამა გიორგი ქვარცხავას განცხადებით, აღწერა მარტვილის ტერიტორიაზე სავარაუდოდ დღეს დასრულდება, რის შემდგომაც ისინი აბაშაში გადაინაცვლებენ.

„გრძელდება გადაბარების პროცესი. კომისიის სხვა წევრებთან ერთად შევჯრდებით, თუ რა ლოკაციებზე მივიდეთ და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. გუშინ ვიყავით სალხინოში. იქ სკოლა-გიმნაზია მოვინახულეთ, ასევე ვიყავით მარანში, ღვინის სახლში და საპატრიარქოს რეზიდენციაში. მოხდა ამ ყველაფრის გადაბარება. სავარაუდოდ დღეს დასრულდება მარტვილის მხარე და თუ მოვასწარით, შემდეგ გადავალთ აბაშაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ მივდივართ ყველგან, სადაც მოქმედი წინამძღვრები არიან. მივდივართ იქ, სადაც ეპარქია დატოვეს თავიანთი ნებით ან გადადგა ესა თუ ის თანამდებობის პირი“, – განაცხადა მამა გიორგი ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განაყენა. ეპარქიის დროებით მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.