საპატრიარქოს იურისტი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ ძალებს უნდათ, მეუფე იაკობი მეუფე შიოსა და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს
საპატრიარქოს იურისტი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ ძალებს უნდათ, მეუფე იაკობი მეუფე შიოსა და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს

მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს უნდათ მეუფე იაკობის დაპირისპირება როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებულ, როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ისე ამ ხელისუფლებისთვის.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება იქნება არასწორი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს, თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.