საპატრიარქო - ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე
საპატრიარქო - ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე

ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

„რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე, შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.

დღეს, არჩევნების წინ ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი