საპატრიარქო - სოციალურ ქსელში გავრცელებული დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი შეიცავს ანტისემიტურ განწყობას
საპატრიარქო - სოციალურ ქსელში გავრცელებული დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი შეიცავს ანტისემიტურ განწყობას

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგება არასრულია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის ანტისემიტური გამონათქვამები, საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან,  შეიცავს ანტისემიტურ განწყობას.

ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის ანტისემიტური გამონათქვამები, საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია.

ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან გამორჩეულ ურთიერთობასა და მეგობრობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.