საპატრიარქო - კავშირი არ გვაქვს პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით ნივთების გაყიდვას ცდილობენ
საპატრიარქო - კავშირი არ გვაქვს პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით ნივთების გაყიდვას ცდილობენ

განმარტების მიუხედავად, გრძელდება საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირად ღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არც ერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.