საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს, 2021 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ.

მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ახალ სტანდარტზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო სტანდარტს.

„ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მიღწეულია ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საკითხი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი, უპირველესად, არის ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით“, – დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.