საპატრიარქო - დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ - მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში
საპატრიარქო - დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ - მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ, ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ ნათქვამია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესასწაულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

„საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და როგორც სხვა ტრადიციულ ქვეყნებში, ჩვენთანაც, ოჯახის ინსტიტუტის სიძლიერეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს; ამიტომაც საზოგადოება ყოველთვის დიდი სიხარულით აღნიშნავს მას.

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო ზეიმობს აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში შემობრძანებას. წელსაც, 11 მაისს, სამღვდელოებამ (გასული წლების მსგავსად) აწყურის ღვთისმშობლის ხატით გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და დაიწყო მსვლელობა თბილისისკენ. 17 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდა დედაქალაქში. ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გადაიხადა პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყო მსვლელობა სიონის ტაძრისკენ.
მსვლელობის მონაწილეები საპატრიარქო რეზიდენციიდან დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

სიონის საკათედრო ტაძარში გამობრძანებული იყო უდიდესი სიწმინდეები: დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი და ღირსი დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და მრევლს ჰქონდა საშუალება მოელოცა ისინი და სხვა სიწმინდეები.

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ, ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობას როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია. პანდემიის გამო ეს დღე გასულ წლებში მასშტაბურად არ აღინიშნებოდა. წელს კი ტრადიცია აღდგა და მსვლელობა მრავალრიცხოვან მრევლთან ერთად ჩატარდა.

გილოცავთ ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის დღეს!

ინებოს ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა, რომ მშვიდობამ დაისადგუროს მსოფლიოში!“ – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი