„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს

18:47, 06.11.2019

„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარია.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი – 234425.00 კვ.მ. შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

საჯარო აუქციონი 2019 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მფლობელი აუქციონის წესით გამოვლინდება.

„საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელია.

მსგავსი