საპარტნიორო ფონდი - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევებია
საპარტნიორო ფონდი - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევებია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კლინიკის მფლობელი „საპარტნიორო ფონდი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ავთანდილ იმედაძის გადაყენების გადაწყვეტილება კლინიკაში არსებულ ფინანსურ და სამეურნეო ტიპის დარღვევებს უკავშირდება.

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა, „კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება  მიმდინარე წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო. ავთანდილ იმედაძის ნაცვლად, სამი თვის ვადით, კლინიკის დირექტორის მოვალეობას პროფესორი ლევან გოფოძე შეასრულებს.

ლევან გოფოძე 30 წელზე მეტია, რაც „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) მოღვაწეობს. არის პრაქტიკოსი ექიმი ქირურგი. აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დიდი გამოცდილება. არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოქმედი პროფესორი. ლევან გოფოძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც კლინიკის პერსონალის, ასევე, კოლეგებსა და აკადემიურ წრეებში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდის ინფორმაციითვე, მათ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უკვე მიმართეს.