„საპარტნიორო ფონდი“ - ონკოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები ჩვენთვის მოულოდნელი იყო
„საპარტნიორო ფონდი“ - ონკოლოგიურ კლინიკასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები ჩვენთვის მოულოდნელი იყო

„საპარტნიორო ფონდი“ „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში“ (ე.წ. ონკოლოგიური კლინიკაში) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოს პირველ არხთან აკეთებს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებები მათთვის მოულოდნელი იყო.

როგორც ფონდში აღნიშნავენ, 2015 წელს მთავრობის დადგენილებით „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაეცა.

„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში ახორციელებდა მუშაობას, რათა მოეძია ახალი ინვესტორი და გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტის მეშვეობით განეხორციელებინა კლინიკების რეაბილიტაცია. შედეგად, მოიზიდეს ჰოსპიტალური მენეჯმენტის დიდი გამოცდილების მქონე უცხოური კომპანია, რომელიც მზად არის სამედიცინო მომსახურების წყვეტის გარეშე 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელოს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების პირობით. თუმცა, როგორც ფონდში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო არ ეთანხმება აღნიშნულ პროექტს, რის გამოც შეფერხდა გადაწყვეტილების მიღება.

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და მისი შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანია“ ონკოლოგიურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ საავადმყოფოს მედპერსონალთან და მასმედისთან გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს. რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავის თავზე აიღებს კლინიკაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, სახელფასო დავალიანების გასტუმრების საკითხსაც, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას გულისხმობს ჯანდაცვის მინისტრი, როცა აღნიშნავს, რომ „ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციფიკურ მმართველობას და გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა აუცილებელია“,“ – აცხადებენ ფონდში და განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული კლინიკის მართვა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ონკოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, რომლის შემადგენლობაშიც მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრია, საბჭოს კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა, სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით დღეს აქცია გამართა. აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს.

მისივე თქმით, ცენტრთან დაკავშირებულ კონკრეტულ სამომავლო გეგმებს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს და კლინიკის თანამშრომლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებების საკითხსაც შეისწავლის.

„შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მედპერსონალის მხრიდან წარმოდგენილია 10 წევრი და ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. განვიხილავთ, როდის გადავიხდით მათ სახელფასო ანაზღაურებას, რასაც მე და ჩემი მოადგილე პირადად გავაკონტროლებთ. ჯანდაცვის სამინისტრო არ იყო მართვაში ჩართული, ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფეროს სჭირდება სპეციფიკური მმართველობა და გამოჩნდა, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.