საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზეც მსჯელობენ
საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზეც მსჯელობენ

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზეც მსჯელობენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განაცხადეს.

გარდა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებისა, შეხვედრაზე მსჯელობა მიმდინარეობს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებსა და ქალთა კვოტირების თემაზე.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრები გახშირდება, რათა მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობა იყოს კოორდინირებული ყველა რეფორმასთან მიმართებით.

„ჩვენ ვიკრიბებით მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ხდება გუნდური პრინციპიდან გამომდინარე. არის დებატები, კამათი და საღი აზრი იმარჯვებს. ეს არის მთავარი პრინციპი დღევანდელი შეკრების, გუშინდელი შეკრების, გიშინწინდელის და სავარაუდოდ მომავალში, რომ შევიკრიბებით იმისაც“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მსჯელობა რუსეთის ხელისუფლების მისამართით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელსაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი.

„სამწუხაროდ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ დესტრუქცია მივიღეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საერთო ეროვნული საკითხი და დავრწმუნდით, რომ ამ ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის და კეთილდღეობის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შექმნეს არსებული რეალობა, პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს ქვეყანა და დღეს უსაფრთხოების პრობლემები მათი დამსახურებით არის. ამ ადამიანებთან უკვე რაღაც დონეზე სერიოზული საუბარი სირთულეს წარმოადგენს. რაც შეეხება იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებმაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყანა და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს, რომლებიც არიან იმ ხალხთაგანი, რომლის გამოც დღეს არის ასეთი მდგომარეობა შექმნილი და რომელთა ბრალეულობაც არის დღევანდელი შექმნილი სიტუაცია, ასეთ თემებზე საუბარი მათი მხრიდან არასერიოზულია. პრემიერის განცხადებას რაც შეეხება, იყო საკუთარი ხალხის მიმართ დიდი პასუხისმგებლობით გამსჭვალული პოლიტიკური ლიდერის განცხადება, რომლის სულისკვეთებას დაეთანხმა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი. დღეს ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა განცხადება და მიესალმა პრემიერის ამ განცხადებას. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც იქნება კონფლიქტის დეესკალაციის, ქვეყნის დეოკუპაციის და მომავალი უსაფრთხო გარემოს შექმნის პერსპექტივისთვის გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.