საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

მათ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარეს.

„სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის უმრავლესობიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი. ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი.

„მოვუწოდებ ყველას, აიცრას. ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, გაიხსნას ეკონომიკა, გადარჩეს მოსახლეობის სიცოცხლე. ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს ამ პროცესში და გაიკეთოს ვაქცინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყო.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.