საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაგრძელდება
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეობის კანიდადატებზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება.

როგორც უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, დღევანდელ სხდომაზე იმ კრიტერიუმების შესახებ ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის კანდიდატებს ხელახლა შეარჩევენ.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს აქვს მოლოდინი, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება და საუბარი არ იქნება გუნდიდან რომელიმე მათგანის გარიცხვაზე. ქუცნაშვილის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი განხილვა შესაძლოა, დღევანდელი დღით არ ამოიწუროს და შეხვედრები კიდევ გაგრძელდეს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით საქართველოს პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მაგრამ რა წესის დაცვით უნდა წარმოადგინოს, რა კრიტერიუმების დაცვით უნდა განიხილოს პარლამენტმა, ეს არ წერია არსად. ამიტომაც, ჩვენ სწორედ ამაზე ვმსჯელობთ ახლა. მიზანი არის უცვლელი და ის შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ამგვარად, რომ მივიღოთ მაღალი ნდობის, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი სასამართლო. თუ დღევანდელი დღე გვეყო, ვიმუშავებთ, თუ არ გვეყო, კიდევ მზად ვართ, ვიმუშაოთ”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი უმრავლესობის დეპუტატებმა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გუშინ პირველად განიხილეს.

მარიამ ჯაშის განმარტებით, ივანიშვილმა დაპირისპირებულ დეპუტატებს შორის გამაერთიანებლის როლი შეასრულა.

„მიმდინარე განხილვებში ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის მაქსიმალურად კონსენსუსისკენ მიმართული. აღნიშნული შეხვედრები არის უაღრესად მნიშვნელოვანი გუნდის გაერთიანებისთვის და განსხვავებული პოზიციების დაახლოებისთვის”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 

დატოვე კომენტარი