საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ახალი სსიპ-ის შექმნა იგეგმება
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ახალი სსიპ-ის შექმნა იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) შექმნა იგეგმება, რომლის ფუნქციაც საკანონმდებლო ორგანოსთვის ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის განხორციელება იქნება. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დღეს, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას განაცხადა.

„გვაქვს შემოთავაზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომლის მანდატიც იქნება ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის განხორციელება საქართველოს პარლამენტისთვის. ეს არის მცირე ანალოგი იმ კვლევითი ცენტრების, რომლებიც არსებობს მაგალითად კონგრესში, ევროპის პარლამენტში, ბრიტანეთის პარლამენტში და ა.შ. ეს არის, როგორც ისინი უწოდებენ, ნახევრად დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც პარლამენტის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს, გააჩნია გარკვეული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, მაგალითად აღნიშნულ ერთეულს  შეუძლია თავად მოიზიდოს დაფინანსება გრანტების სახით, შექმნას სამეთვალყურეო საბჭო და სხვა.

„მთავარი იდეა არის ის, რომ ვერც ერთი პარლამენტი ვერ იმუშავებს კარგად ძალიან ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური ფუნქციის გარეშე, ეს არის მოცემულობა. არც ერთი პარლამენტი მსოფლიოში ასეთი ფუნქციის და როლის გარეშე კარგად არ მუშაობს. პარლამენტის წევრების საქმიანობა დამყარებულია იმ ანალიზზე, კვლევებზე, დოკუმენტებზე, იმ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელსაც ასეთი კვლევითი ცენტრები ქმნიან პარლამენტის წევრებისთვის. არც ერთ პარლამენტის წევრს არ აქვს დრო მსგავს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თავად ატაროს კვლევები, თავად წეროს ანალიტიკური დოკუმენტები. ეს არის შეუძლებელი, ამიტომ ყველა პარლამენტში პარლამენტის წევრებს აძლიერებენ სწორედ მკვლევარები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერის თქმით, საჭიროებათა შეფასების შესახებ კვლევა პარლამენტისთვის  ბრიტანელმა ექსპერტმა მოამზადა, რომელმაც კარგად აღწერა რა სისუსტეები აქვს ამ კუთხით საკანონმდებლო ორგანოს და რა არის გასაკეთებელი, რომ კვლევითი, ანალიტიკური შესაძლებლობები გაძლიერდეს. შესაბამისად, მისი თქმით, სსიპ-ის შექმნის შეთავაზება რამდენიმეთვიანი კვლევითი მუშაობის და საჭიროებების ანალიზის შედეგებს ეფუძნება.