საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ბოდიშს იხდის
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ბოდიშს იხდის

ტერმინი, სიტყვა რომელზედაც ახლა მიდის საუბარი, თუ ეს ვინმეს შეურაცხმყოფელად მიაჩნია, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ეს განმარტება დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო ტრიბუნიდან სექსუალური უმცირესობების მიმართ სიტყვა ,,პიდარასტი“ გამოიყენა.

როგორც უმრავლესობის წევრი განმარტავს, ეს სიტყვა განზრახ არ უთქვამს და შეცდომა უნებურად დაუშვა.

„ეს ტერმინი უნებურად გამოვიყენე. შეიძლებოდა სექსუალური უმცირესობა მეხმარა. თუ ეს რაიმეს ცვლის იმათთვის, ვინც განაწყენდა, სიტყვა, სადაც ვიხმარე ეს, ამოიღონ და ჩასვან სექსუალური უმცირესობა და დამთავრდება ყველაფერი”,  – განაცხადა დეპუტატმა.

ლურსმანაშვილმა ის კონტექსტიც განმარტა, რომელშიც სიტყვა  „პიდარასტების“ გამოყენება დასჭირდა.

დეპუტატი ამბობს, რომ გამონათქვამი მის შინაგან განწყობას არ ასახავს, თუმცა მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც საუბარია უფლებების დაცვაზე, ყველა განსხვავებული აზრის მოქალაქის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული.

„არ ვფიქრობ, რომ შინაგანად ასეთი განწყობები მაქვს. საზოგადოებაში არის სხვადასხვა აზრი, მე როგორც პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ ყველას აზრი უნდა გაითვალისწინოთ. არის უმცირესობა თავისი უფლებებით, მათ შორის მინისტრი, მათ შორის სახელმწიფო უწყებები იცავენ მათ უფლებებს. მე, როგორც კანონმდებელი და დეპუტატი ვიცავ მათ უფლებებს, მაგრამ არის საზოგადოების არანაკლებ მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომლის უფლებებიც უნდა დავიცვათ. ზოგჯერ ხდება პირიქით, უმცირესობების უფლებების დაცვის ხარჯზე უმრავლესობების უფლებები ირღვევა. როდესაც ადამიანები შეიკრიბებიან და მათ მიერ არჩეულ პარლამენტს, მათ მიერ არჩეულ პრემიერს, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ეს მათი უფლებაა, როდესაც გადადგომას ითხოვენ, ესეც მათი უფლებაა, მაგრამ საზოგადოების უფლებაა, რომ უპასუხოს, რომ მათი შეხედულებები არ მიაჩნია გამართლებულად”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.