საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს ხვდება
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრს ხვდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან.

შეხვედრაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას ამბობს, გუნდი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს, რადგან მომდევნო კვირა არის სასესიო და გარკვეულ საკითხებზე გიორგი კვირიკაშვილთან პოზიციები შეჯერება უნდა მოხდეს.

„პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრები გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მუშაობს ერთად, კოორდინირებულად. მომავალ კვირას არის სასესიო კვირა. მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც უმრავლესობა პრემიერ-მინისტრთან კოორდინირებულად გავიტანთ, ვიმსჯელებთ, გადავწყვეტთ და ამას ბუნებრივია, სჭირდება კოსულტაციები, შეხვედრები, დისკუსია და პოზიციების შეჯერება. ასე რომ, როგორც გუშინ, ასევე გუშინწინ, არის საქმიანი, კონკრეტული დღის წერიგით განსაზღვრული შეხვედრა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა შეხვედრაზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე რუსეთთან დაკავშირებით და ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ გიორგი კვირიკაშვილი კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში მივიდეს, გაბუნია არ ადასტურებს, რომ საუბარი აღნიშნულ საკითხს შეეხება და პრემიერის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„იმ პარტიებს შორის, რომლებიც ხელს აწერენ ამ მოთხოვნას, რამდენიმე არის ისეთი, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში და მათი გაუგებარი, ძალიან საშიში, საფრთხის შემცველი საგარეო პოლიტიკის წარმოების გამო, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები. ამიტომ, თუკი ამ პარტიების მხრიდან რაიმე საკითხზე არის საუბარი, პირველ რიგში მაქვს ინტერესი, რა სინდისით და რა მორალით ილაპარაკებს ეს ხალხი, ეს ორი პარტია პრემიერ-მინისტრის წინაშე სახელმწიფო ინტერესებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან ზაზა გაბუნია კატეგორიულად გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობისა და პრემიერის კონსულტაციებისას სამთავრობო ცვლილებების განხილვას და გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას.

„თუკი რაიმეზე კატეგორიულად შეიძლება ლაპარაკი, ერთ-ერთი არის ეს საკითხი. სრული კატეგორიულობით შემიძლია გითხრათ, არავითარი სამთავრობო ცვლილებები, მით უმეტეს პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით რაიმე საკითხი არათუ არ იგეგმება, არც განიხილება და არ არის ჩვენი მსჯელობის საგანი“, –  განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტს, პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, ასევე ქალთა კვოტირების თემას.