საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს
საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე ხვალ იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათზე გაიმართება.

ამ დრომდე, უმრავლესობაში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კოლეგებს მოუწოდებს, უმრავლესობის შეხვედრამდე ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავონ.

„მოსაზრებები არსებობს რასაკვირველია, თუმცა ჯერ გუნდში უნდა იყოს განხილული, შემდეგ მედიამ უნდა შეატყობინოს ხალხს გადაწყვეტილების თაობაზე რასაც კოლექტიურად მივიღებთ. არც მე და არც ჩემ კოლეგებს, არავის არ ვურჩევ, რომ კონკრეტულ გვარებზე იყოს საუბარი. რასაკვირველია, ეს საკითხი ჯერ შიგნით უნდა გავიაროთ, მოსაზრებები ყველას აქვს, მათ შორის მეც,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე განიხილება.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგენს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.