საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, უმცირესობას აინტერესებს, რამდენად კანონიერად მოქმედებდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ღამის კლუბებში შეიჭრა და ასევე რამდენად კანონიერი იყო მოქალაქეთა დაკავება როგორც კლუბების მიმდებარე ტერიტორიზე, ასევე რუსთაველის გამზირზე.

„ასევე გვაინტერესებს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვინ არის პოლიტიკურად და სამართლებრივად?! პოლიციელების მხრიდან კანონის დაცვა ცენტრალური საკითხია, ხოლო მეორე ხარისხოვანი თემა ნარკოპოლიტიკაა, რომელზეც “ქართული ოცნება” საზოგადოებას ექვსი წლის განმავლობაში ვერანაირ კონკრეტულ ხედვას ვერ სთავაზობს, არათუ, გადაწყვეტილებას. არიან არაკომპეტენტურები და არათანმიმდევრულები. სახელმწიფოს მართვისთვის იმაზე უარესი რა შეიძლება იყოს, ვიდრე არაფორმალური მმართველის ოჯახის წევრის დღის წესრიგით ქვეყნის პოლიტიკის წარმართვა? არ შეიძლება, ბერას განცხადებაზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და რა კანონებებს მიიღებს პარლამენტი”, – განაცხადა კახიძემ.

დეპუტატის ცნობით, „ევროპული საქართველო“ მხარს მსუბუქ ნარკოტიკზე უფრო ლიბერალურ მიდგომას უჭერს.