საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნები საგამოძიებო კომისიის წევრებმა რამდენიმე დღის წინ უკვე გამოჰკითხეს, თუმცა, როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, მას შემდეგ ისინი საგამოძიებო უწყებებში იყვნენ და საკუთარი ჩვენებები დააზუსტეს.

კახიძის თქმით, კომისიის წევრებმა დაკითხვების შედეგად არასრულწლოვანთა ჩვენებებსა და ამოღებულ სხვა მტკიცებულებებს შორის შეუსაბამობები გამოავლინეს. კომისიის წევრის თქმით, მათ შორის არის კამერის ჩანაწერები.

„შესაბამისად, ჩვენ ვიდრე გადავალთ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს მაგალითად, ცრუ ჩვენებისთვის ვინმეს პასუხისგებაში მიცემას, გვინდა, ყველა დეტალი დაზუსტდეს, რათა ყველა არასრულწლოვანს კიდევ ერთხელ მიეცეს შესაძლებლობა, თქვან სიმართლე. ძალიან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც შესაძლებელია, დაზუსტდეს და აღდგეს გარკვეული ფაქტები. ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დადგინდეს ის სურათი, რომ ობიექტური საფუძველი შეექმნას დასკვნას, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება. ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ ისინი პოლიციაშიც იმყოფებოდნენ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს. ლოგიკურია, რომ მათი დაკითხვებიც მიმდინარეობს. გვინდა, რომ ეს ჩვენებები დაზუსტდეს. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, მათ შორის ჩხუბში მონაწილეებიც. არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას. მათ აქვთ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის მოწოდებისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, „ეს არის ფიგურანტებისა და მოწმეების გამოკითხვა, რომლებთანაც რაღაც გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით გვექნება კითხვები. გვინდა, დავაზუსტოთ და შევადაროთ მასალა ჩვენებებს, რომელიც საქმეშია, რათა გარკვეული დასკვნების გაკეთებისთვის საფუძველი გვქონდეს“,-  განაცხადა ცქიტიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოჰკითხეს. კერძოდ,  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილ, ქალაქ თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე.