საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიქსერს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ უსაფრთხოების საკითხებზე და საგარეო პოლიტიკაზე. „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო დროინდელი განცხადებები და ნაბიჯები, მაგალითად, რაც უკავშირდება რეზოლუციას, არის ინდიკატორი, რა პრობლემებსაც ვხედავთ ჩვენ, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე, რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ სასამართლო, მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაზეც არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან და აუცილებლობაზე, რომ არსებობდეს დიალოგი უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რაზეც ასევე ხაზი გაესვა, რომ არც ერთი ინდიკაცია, არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა უმრავლესობის მხრიდან, რომ ის მზად არის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბროს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ასევე ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც მაგიდაზე დევს შეთანხმებული ვერსია და „ქართული ოცნება“ ამას იყენებს ერთ-ერთ ბერკეტად, რომ ისევ შეუტიოს ოპოზიციას და არა – ითანამშრომლოს მასთან ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.