საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, ამის მიზეზი უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადება გახდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს შეეხებოდა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ დაიწყოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა და გამოძიება, სხდომათა დარბაზში არჩილ თალაკვაძე საკაშვილზე აკეთებს განხაცდებებს.

​„საქართველოს პარლამენტში არ მახსენდება მსგავსი სამარცხვინო მოვლენა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი ციტირებს რაღაც ჩანაწერებს, რომელიც არ ვიცით, საერთოდ არსებობს თუ არა. თუ ეს ჩანაწერები არსებობს, მაშინ რამდენიმე ქვეყნის კანონის დარღვევით უნდა განხორციელებულიყო მიყურადება. დღეს, საქართველოს პარლამენტში ციტირებენ ამ ჩანაწერებს, იმის ნაცვლად, რომ შეკითხვა ისმოდეს, რა მოხდა? საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერები? ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს მართვის სისტემა გასულია ყველანაირი კანონიერი ჩარჩოდან. ამ ქვეყანაში კანონი აღარ არსებობს. არსებობს ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს პარტიის დაფინანსებასა და ბილეთების ფულს, მაიამიში ფეშენებელური ვილის ყიდვით არის დაკავებული.