საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ძირს უთხრის ამ ინსტიტუციას, ამავდროულად, მმართველი გუნდისგან წარმოადგენს ღია გზავნილს მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის დაისჯებიან.

„საქართველოს პარლამენტში „ქართული იცნების“ შვიდი დეპუტატის მიერ ინიცირებულია პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუციას ძირს უთხრის, უმრავლესობის მხრიდან წარმოადგენს ღია გზავნილს ყველა მათგან დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. ასევე, საგანგაშოა ის, რომ ახალი წლის წინა კვირაში ეს ინიციატივა მომზადდა ყველასგან ფარულად. თავად ინსპექტორიც კი ჩართული არ ყოფილა, არანაირი კონსულტაცია მასთან არ ყოფილა გავლილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ინიციატორები ითხოვენ ამ ძალიან სქელი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე დარტყმის განხორციელება და დაუშვებელია დაჩქარებული წესით განხილვა, ეს იქნება ჩვენი პოზიცია ბიუროს სხდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და კანონპროექტის ინიცირება სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ აღნიშნული გამოძიება შეჩერდეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის გზავნილი პირადად ლონდა თოლორაიას მიმართ, რომელიც ახლა იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და თავად განაცხადა, რომ ეს კონკრეტული მომენტი ანგარიშსწორებისთვის შეირჩა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან პირადად ლონდა თოლორაიამ გაბედა, რომ არ ყოფილიყო მონურ მორჩილებაში და არჩია პროფესიული კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, რადგან მან გაბედა, ეთქვა სიმართლე. ჩვენ ვითხოვთ, დაუყონებლივ შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, მოხდეს სახელმწიფო ინსპექტორის ჩართვა ამ პროცესში, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების. აღნიშნული რესტრუქტურიზაცია რა ფორმითაც უნდა განხორციელდეს, განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის ვადა ამოიწურება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, რომელთა ნაცვლად, ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება.

დატოვე კომენტარი