საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის პროცესი დღესაც გაგრძელდება
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის პროცესი დღესაც გაგრძელდება

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის პროცესი დღესაც გაგრძელდება. კომიტეტების დღევანდელ სხდომებზე ასევე განხილული იქნება კომიტეტების დებულებები.

კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესს გააგრძელებს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო. დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

რაც შეეხება მთავრობის ფორმირებას, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. პროცედურის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ამასთან, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

„ახლა მიმდინარეობს კომიტეტების დაკომპლექტება. დღესაც დარჩენილ კომიტეტებში მოხდება მოადგილეების არჩევა, კომიტეტების დებულებების შემუშავება და დამტკიცება. შემდგომ უკვე იქნება ბიუჯეტის განხილვა და მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის დამტკიცება. მიმდინარე და მომავალი კვირა ამ საკითხებით იქნება დატვირთული“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.