საპარლამენტო ჯილდოებს სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება
საპარლამენტო ჯილდოებს სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება

საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოებენ. საპარლამენტო ჯილდოების არსებულ სახეებს – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ავტორები დეპუტატები, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებების გათვალისწინებით, სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

„გამოცდილების მქონე კადრისთვის მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი და საამაყოა. შესაბამისად, კანონმდებლობაში დაჯილდოების კიდევ ერთი შესაძლებლობის გაჩენის მიზანია, თანამშრომელთა დამსახურების ხაზგასმა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს როგორც სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაჯილდოებული პირების, ისე ახალი თანამშრომლების მოტივაციას.

გარდა ამისა, ამგვარი ტრადიციისა და ერთგვარი ინსტიტუციური მეხსიერების დანერგვა პარლამენტის აპარატს სტაბილური განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს“, – განმარტავენ ცვლილებების ავტორები.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 15 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.