საპარლამენტო ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვას პრემიერიც დაესწრება
საპარლამენტო ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვას პრემიერიც დაესწრება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობასთან ერთად ხვალ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შეხვდება. პრემიერი და მინისტრები საპარლამენტო ფრაქციებში მთავრობის შემადგენლობის განხილვას დაესწრებიან.

როგორც პირველ არხთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ამ კვირაში, საპარლამენტო უმრავლესობა მაღალი ნდობით დაამტკიცებს პრემიერ კვირიკაშვილის განახლებულ სამთავრობო კაბინეტს.

მისივე თქმით, ხვალინდელი განხილვისას მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეკითხვები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ექნება.

„კომიტეტების ფორმატში შედგება განხილვები. ასევე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას. ჩვენს გუნდს პირველ რიგში აინტერესებთ ეკონომიკური განვითარება, გეგმები, რომელიც პრემიერს და მთავრობას აქვს ამ თვალსაზრისით. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო ურთიერთობები, ის ფორმატები, რომელიც საქართველოს აქვს რამდენად იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე ევროკავშირთან და ჩინეთთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.