საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღეს ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

კარდიოქირურგიული მიმართულებით წამყვან სპეციალისტებთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრაზე განიხილება სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებებიდან გამომდინარე არსებული პრობლემები.

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალი რეფორმის გარკვეული ნეგატიური ტენდენციები უკვე სახეზეა, ჯანდაცვის სფერო კი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია და ამ მიმართულებით უკუსვლა დაუშვებელია.

„საყოველთაო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დეფიციტი იქნა დაფიქსირებული სამედიცინო საზოგადოებასა და სამინისტროს შორის, ჩვენმა არაერთმა კოლეგამ, ექიმმა მოგვმართა თხოვნით, ჩატარებულიყო სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად, ფრაქციის ფორმატში შევხვდებით ძირითადად კარდიოქირურგიული მიმართულებით ჩვენს წამყვან სპეციალისტებს. განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომლებიც შეიქმნა 520-ე დადგენილების ფარგლებში, რადგან უკვე სახეზეა გარკვეული ნეგატიური ტენდენციები. გვინდა, გავერკვეთ დეტალებში და შესაბამისად, მოვემზადოთ გაფართოებული შეხვედრისთვის. ჯანდაცვის მიმართულებით პროგრამები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო ერთ-ერთი გამორჩეული არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. საქართველო იყო წამყვანი საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს შემუშავების დროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის უკან დახევა იქნება უდიდესი შეცდომა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჯანდაცვის მიმართულებით უკუსვლა. სამწუხაროდ, ფიქსირდება არაერთი პრობლემა დაფინანსებასთან მიმართებით. ჩვენ გვესმის პრობლემები კლინიკებიდან არამხოლოდ სახელმწიფო პროგრამების შემცირებასა და გადავადებაზე, არამედ დავალიანების გამო ათეულობით კლინიკას დასჭირდა საკრედიტო რესურსის გამოყენება წინასაახალწლო პერიოდში სახელფასო დავალიანებების დასაფარად. შეხვედრაზე გვაინტერესებს კლინიკებიდან ის ინფორმაცია, რომელიც აქვთ დაგროვილი, რათა შემდეგ მაქსიმალურად იყოს სამინისტროსთვის მიწოდებული“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.