საპარლამენტო დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში შეხვედრები გამართა
საპარლამენტო დელეგაციამ, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ბულგარეთში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან და კომიტეტის წევრ სალომე ქურასბედიანთან ერთად, ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხრისტო გაჯევს შეხვდა.

მხარეებმა ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ კუთხით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

სოფიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე, ბულგარეთის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ელენა შეკერლეტოვასთან და ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან,  ეკატერინა დიმიტრუშევასთან.

ბულგარეთის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.