საპარლამენტო დელეგაცია იტალიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა იტალიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ (UDC) ლიდერთნ, ლორენცო ჩეზასთან, რომელიც, ამავდროულად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელია.
საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას ლორენცო ჩეზამ იტალიისა და პირადად თავისი მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ.
შეხვედრისას საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ბიუროკრატიის უსამართლო და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებულ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და ხაზი გაუსვა ქვეყნის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და ევროპულ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად.
„ჩემი იტალიური ოცნებაა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს”, – აღნიშნა იტალიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა.
ლორენცო ჩეზამ რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველოს როლზე ისაუბრა, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების ფორპოსტისა კავკასიაში.
განსაკუთრებული ყურადღება ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსა და საპარლამენტო პლატფორმების როლს დაუთმეს.
იტალიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადებით, საპარლამენტო დიპლომატია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისთვის. მისი თქმით, იტალია მზად არის, აქტიურად გამოიყენოს ყველა შესაძლო პლატფორმა საქართველოს მხარდასაჭერად.
მხარეებმა ასევე განიხილეს: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის, სხვადასხვა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმის გამოყენების როლი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის და იტალია-საქართველოს შორის ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი.
შეხვედრა გაიმართა განსაკუთრებულ ატმოსფეროში, რადგან 2025 წელი არის Anno Giubilare – კათოლიკური ეკლესიისთვის საიუბილეო წელი.
ლორენცო ჩეზამ აღნიშნა საქართველოსა და იტალიის საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა და ღირებულებები, რომლებიც ამყარებს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ კავშირს.
„შეხვედრამ ლორენცო ჩეზასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის პოლიტიკური ელიტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მისი სიტყვები – „ჩემი იტალიური ოცნება არის საქართველოს ევროკავშირში ნახვა“ – არის ძლიერი სიგნალი ბრიუსელისთვის, რომ საქართველოს ჰყავს ძლიერი მოკავშირეები ევროპაში, რომლებიც იცავენ სამართლიანობას და უჭერენ მხარს ჩვენს ევროპულ მომავალს. საპარლამენტო დიპლომატია აგრძელებს მნიშვნელოვან როლს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაში”, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.