საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია 18-21 ნოემბერს, მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების კანონმდებლები ევროატლანტიკური სივრცის, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

„ასამბლეის წლიური სესიის დღის წესრიგი დატვირთულია ისეთი საკითხებით როგორებიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა ნატო-ს კოლექტიურ თავდაცვაზე, ახალი სტრატეგიული კონცეფციის შეფასება და მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, მადრიდის სამიტის შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების მხარდაჭერა, ალიანსის ადაპტაცია ტერორიზმის ცვალებადი საფრთხის მიმართ, ნატო-ს კიბერ გამოწვევები, ნატო-ს როლი ახალ სტრატეგიულ ერაში, კლიმატის ცვლილებები და სხვა. მადრიდში დამტკიცდება და მიიღება არაერთი დოკუმენტი, სადაც ყურადღება დაეთმობა საქართველოს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატო-ს მოკავშირეების დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის საკითხის მზარდ მნიშვნელობას. ჩვენი ამოცანაა მათ ვესაუბროთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ ოკუპაციაზე და აგრესორი სახელმწიფოსგან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე და საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცების და ჰიბრიდული გამოწვევების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერების მხარდაჭერაზე” – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.