საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემა დასრულდა

საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურში, 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა უკვე დასრულდა.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.

მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი ემსახურებოდა; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა; შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადაადგილდნენ შეზღუდვის გარეშე. დადგენილება ძალაშია 22 ნოემბრის დილის 05:00 სთ-ის ჩათვლით.

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მოხვდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. საპარლამენტო მანდატებზე სულ უარს ამბობს რვა პარტია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“. ისინი არ ცნობენ არჩევნების მეორე ტურსაც. თუმცა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები დღევანდელ არჩევნებზე ბიულეტენებში კვლავ იყვნენ წარმოდგენილნი, ვინაიდან, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნა შეუძლებელია.