ზურაბ ქადაგიძე – „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება 

02:31, 18.11.2026

„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ძალადობა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, უკვე დანაშაულია.

„ყველაზე საშიში ტენდენცია, რასთან დაკავშირებითაც ყველაზე მეტად მაქვს პრეტენზია, თუნდაც გარკვეულ ფონდებთან, იქნება ეს NED-ი, თუ IDI-ი, რომლებიც „სირცხვილიას“ აფინანსებდნენ და „სირცხვილიას“ ორგანიზებით იყო კამპანია – „მე ვისროლე „მოლოტოვის კოქტეილი“, ეს წარმოშობს ორ პრობლემას. ერთია რომანტიზება თვითონ ფაქტის, დანაშაულის. ვნახეთ, რომ საფრანგეთში პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება ეს ყველაფერი. მეორე, ეს არის პირდაპირ წაქეზება მოქალაქეების, რომ შენ შენი სუბიექტური აზრიდან გამომდინარე, შეგიძლია, პოლიციელს ესროლო და სასიკვდილოდ გაწირო. რომელიმე პოლიციელმა თუკი იძალადა, გადაამეტა, დასჯილია თუ არ არის დასჯილი და მასზე გამოძიება მიმდინარეობს, ეს არ ამართლებს, რომ ვინმე „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს პოლიციელს. ეს არის პარადოქსი. ამაზე თუ ვერ ვთანხმდებით საზოგადოება, ე.ი. ძალიან დიდი პრობლემა ყოფილა. ეს არის აისბერგის წვერი, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ფანტომურ ევრო ფონდებზე, თითქოსდა ეს ფონდები აფინანსებდნენ და აფინანსებენ რაღაც სამოქალაქო, ძალიან მსუბუქ აქტივიზმს და სინამდვილეში, აისბერგის ძირი ჩანს იქ, რომ ამ ფონდების თანხები გამოყენებული იყო კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, დანაშაული დანაშაულია საფრანგეთშიც და საქართველოშიც.

„ალბათ, ყველაზე დიდი ტრაგედია და ქართულ პოლიტიკურ შეგნებაში ყველაზე დიდი უბედურება, რაც 35 წლის განმავლობაში გვჭირს, ეს არის ერთ წრეზე ტრიალი, ერთი და იგივე, თუნდაც ორმაგ სტანდარტზე, ათასობით გარიგებაზე თვალის დახუჭვა და შეიძლება, მინიმალისტურად იმის აღიარებაც კი, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არაფერს არ ცვლის, საფრანგეთშიც და საქართველოშიც დანაშაული დანაშაულია“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ქადაგიძის განცხადებით,  პოლიტიკოსები, ფოტიგები, კრამონები იქნებიან, თუ სხვები, ქართულ საზოგადოებაში სასაცილო ფიგურებად იქცნენ იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„შეხედეთ, ევროსტრუქტურები ყველანაირად მაღალ კვალიფიკაციას აძლევენ სახელმწიფო ინსტიტუციებს საქართველოში, ეს ადამიანები კი გამოდიან და გვეუბნებიან, დაგენგრათ ეს სისტემა, დაგენგრათ ის სისტემა, მოლდოვაზე, უკრაინაზე უარესად ხართო. თავი და თავი არის, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ აქაური პოლიტიკა და არა ბრიუსელმა, ან მოსკოვმა, ან პეკინმა, ან შანხაიმ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელმა. თბილისმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი