ნიკა ჩიტაძე – მიუღებელია პოლიციელისთვის ან სხვა პირისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამავე დროს, მიუღებელია, როდესაც საზოგადოებრივ აქტივისტს პოლიციელები, სადღაც 10 ადამიანი ურტყამს
პოლიციელისთვის ან სხვა პირისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მიუღებელი, ბუნებრივია, ამან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის სხეულის დაზიანება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამავე დროს, მიუღებელია, მაგალითად, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამ წიხლს სახეში, ასისხლიანებ ადამიანებს, მაგალითად, როცა ერთ-ერთ საზოგადოებრივ აქტივისტს პოლიციელები ჩაიგდებენ ხელში და სადღაც 10 ადამიანი ურტყამს. ისევ და ისე ვამბობ, რომ ვემიჯნები „მოლოტოვის კოქტეილს“, – აღნიშნა ჩიტაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ საუბარია იმაზე, თუკი პოლიციელის მხრიდან ძალადობას ვგმობთ, რატომ უცხადებდნენ სოლიდარობას ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, შემდეგ კი საზოგადოებამ ნახა ევროპელების მხრიდან დაფინანსებული კამპანია – „მე ვესროლე“, რაზეც ჩიტაძემ აღნიშნა, რომ, კარგად იცის, ვინ ვის აფინანსებს დღეს.
„მაგალითად, ფონდი „ქართუ“ აფინანსებს ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომ მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ისაუბრონ, ეს პროპაგანდის ნაწილში. მეორე, ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით მილიონობით დოლარი რომ ამოუღეს საქართველოს ყოფილ პრემიერს; როდესაც მოხუცების სასადილოს ფულს იპარავდნენ; როდესაც საბავშვო ბაღის თანხებს ითვისებდნენ და დღეს კიდევ 41 მილიონი ლარის მითვისების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ვინ ითვისებს და ვინ ვის აფინანსებს?!“, – განაცხადა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, რატომ შეფასდა პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მკვლელობის მცდელობად საფრანგეთში და ასეთივე ფაქტი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან საქართველოში დემოკრატიის გამოხატულებად, ჩიტაძემ განაცხადა, რომ საფრანგეთი იქნება თუ საქართველო, ეს მიუღებელია.
„მშვიდობიანი დემონსტრაცია მისაღებია. მაგალითად, რომ დავსვათ კითხვა, ადამიანის მკვლელობა კარგია, თუ ცუდი, თქვენ იტყვით, რომ ცუდია, მაგრამ მე გეტყვით, გააჩნია, რა შემთხვევაში, ცნობილი ფილმის არ იყოს. მაგალითად, უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც კლავს რუს ოკუპანტს, ის მკვლელობა მისაღებია, მაგალითად, ქართველი შინდისის გმირი, რომელიც კლავდა რუს ოკუპანტს, მისაღებია“, – აღნიშნა ჩიტაძემ.