ლევან ნიკოლეიშვილი – აქციებისას „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა იყო შეგნებული ქმედება, ის მთლიანად ევროკავშირის მიერ არის ნასროლი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ
ევროკავშირმა და უცხოელებმა საქართველოში დაკარგეს მოქალაქეების ნდობა იქიდან გამომდინარე, როგორც ისინი იქცევიან, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, აქციების დროს „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა იყო შეგნებული ქმედება, დაფინანსებული უცხოეთიდან გარკვეული ჯგუფების მიერ.
„თავის დროზე, „მოლოტოვის კოქტეილი“ მოგონილი იყო იმისთვის, რომ მოწინააღმდეგისთვის, იგულისხმებოდა გარე მტერი, გარკვეული ზიანი მიეყენებინათ, თუ სხვა საშუალება არ ჰქონდათ. ამას წარმატებით იყენებდა სხვადასხვა ომის დროს სხვადასხვა მხარე, რომ მოლოტოვის კოქტეილებით მიეყენებინათ სერიოზული ზიანი, დაეწვათ, გაენადგურებინათ და ა.შ. ჩვენ რაც ვნახეთ აქციების დროს, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტი, ეს ადამიანები ამას შეუგნებლად არ აკეთებდნენ. ეს იყო შეგნებული ქმედება, რომელიც ასევე იყო წაქეზებული და დაფინანსებული გარკვეული ჯგუფების მიერ, ეს გარკვეული ჯგუფები კი, სიმართლე ვთქვათ, იყო უცხოეთიდან. ევროკავშირის და უცხოელთა იმ გარკვეულ წარმომადგენლებს, რომლებიც კადრებშიც ვნახეთ, ნამდვილად არ მიაჩნიათ საქართველო ქვეყნად, რომელიც პარტნიორია მათთვის. მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რაღაც ტერიტორია, რომელსაც, როცა დასჭირდებათ, აღიქვამენ სატრანზიტო დერეფნად, რომელსაც თავს უნდა მოახვიონ გარკვეული ვალდებულებები, როგორც მათ უნდათ. თუკი ეს ასე ვერ ხდება, მაშინ ერთვება „მოლოტოვის კოქტეილი“, სიმბოლურადაც შეიძლება, დავარქვათ „კოლექტიური მოლოტოვის კოქტეილები“ და მისი მსროლელები“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ყოველი ასეთი ქმედება იწვევს უკუქმედებას.
„შეიძლება, საზოგადოების რაღაც ნაწილი ამას ვერ ხვდებოდეს, რაშია საქმე, მაგრამ გარკვეული მომენტის მერე, როცა აანალიზებს, რეალურად, რა მოხდა, უკვე ხვდება, საიდან მოდის, რატომ მოდის ეს საფრთხე. ერთ-ერთი მთავარი მომენტი სწორედ ის არის, რომ ევროკავშირმა და უცხოელებმა საქართველოში დაკარგეს მოქალაქეების ნდობა. ნდობა დაკარგეს იქიდან გამომდინარე, როგორც ისინი იქცევიან. მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, ვთქვათ, რაც ხდებოდა 9 აპრილის დროს საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარმა დაარბია დემონსტრანტები იმის გამო, რომ ვიღაცები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და აქ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის პირიქით არის აღქმული უცხოეთის მხრიდან, მათ წაახალისეს ჯგუფები, მოუწოდეს, არ შესულიყვნენ პარლამენტში, არ დათანხმებულიყვნენ კანონებს, რომელიც სახელმწიფომ და არჩეულმა ხელისუფლებამ მიიღო. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილი კარგად ხვდება, რა ხდება ქვეყანაში, ევროკავშირი და ასეთი ღირებულებები უკვე სასაცილოც და აბსოლუტურად მიუღებელი გახდა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, მათ უნდათ ერთადერთი რამ, დაიმორჩილონ საქართველო და რამენაირად დასვან მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც იქნება მათი ყურმოჭრილი მონა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ აღიარებენ საქართველოს ევროკავშირის წევრად.
„ეს არის მთავარი პრობლემა. ეს „მოლოტოვის კოქტეილი“ იმ ერთი ადამიანის მიერ ნასროლი კი არა, მთლიანად ევროკავშირის მიერ ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილია“ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ, რაც მალე მოეგება საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი გონს და მიხვდება, რომ ამ ევროკავშირისკენ სწრაფვა არის დიდი სიყალბე და შეცდომა, მით უფრო უკეთესი იქნება“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ნიკოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არ ახსოვს „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და ასეთი აღტკინებული, ვითომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები 2008 წელს, როდესაც რუსეთის ჯარი შემოვიდა.