ცოტნე კობერიძე – ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს რისკები და ვითარება, სადაც უშუალოდ პირისპირ მოუწევს ყოფნა პოლიციასა და მოქალაქეს 

01:17, 18.11.2026

ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას გამართლებულად არ მიიჩნევს. როგორც კობერიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა, მსგავს მოქმედებებს ემიჯნება და ამ თემაზე „ენის მოჩლექვა“ საჭირო არ არის.

ამასთან, მისივე თქმით, ზოგადად პრობლემაა, როცა აქტივისტი მარტო რჩება სისტემის პირისპირ, მას პოლიტიკოსები ემიჯნებიან.

„ამბობ, რომ „რუსულ რეჟიმს“ ვებრძვით, დღეს ცხრაზე თუ არ დავამთავრეთ, ხვალ სხვა ქვეყანაში გავჩნდებით, გადავშენდებით, ხელისუფლება კი ყველანაირად  ქმნის ვითარებას, რომ ხალხი უნდა დაღალოს, იქმნება კონფლიქტური სიტუაცია. ასეთი კონფლიქტური სიტუაციაში ხალხი იყენებს ასეთ საშუალებებს. საფრანგეთში სოციალური მოთხოვნებით გამოვიდნენ, ჩვენზე რამდენიმე მდიდარ ქვეყანაშიც და არიან ინდივიდები, რომლებიც ასე იქცევიან“, – განაცხადა კობერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როცა საქართველოში პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა შეფასდა დემოკრატიის გამოხატულებად, ხოლო იმავე საფრანგეთში  – პირდაპირ მკვლელობის მცდელობად, კობერიძემ განაცხადა, რომ ორმაგი, თუ სამმაგი სტანდარტები არ არის გასაკვირი, რადგან ეს პოლიტიკაა და სამყარო ამგვარად არის მოწყობილი.

„ხელისუფალი როცა ხარ, გაცილებით უფრო მტკივნეულად აღიქვამ „მოლოტოვსაც“, აქტივისტებსაც, ძალადობასაც. ერთი სტანდარტი რომ არსებობდეს, სხვანაირი სამყარო იქნებოდა და ალბათ, პოლიტიკოსები და პარტიები არ დაგვჭირდებოდა. ფაქტი ერთია, ხელისუფლებას ვირჩევთ იმისთვის, რომ ყველაფრისგან დაგვაზღვიოს, მინიმუმამდე შეამციროს რისკები და ისეთი ვითარება, სადაც უშუალოდ პირისპირ მოუწევს ყოფნა პოლიციას და მოქალაქეს. პოლიციას და მოქალაქეს როდესაც პირისპირ ყოფნა უწევთ, არის ჩხუბი, გინება, შეხლა-შემოხლა, ხოლო ორივე მხარეს ზიანდება ადამიანი“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც კობერიძემ აღნიშნა, ჯამში, არ უნდა მოგვერიდოს მოვლენებისთვის სახელის დარქმევა. ძალადობის მომხრე არ უნდა იყო და, როგორც პროცედურა, ძალადობა უნდა გამორიცხო. ამის შემდგომ კი,  რაც უფრო იშვიათად მოუწევს გაბრაზებულ ადამიანს პოლიციის პირისპირ, მით უფრო ნაკლები იქნება მსგავსი ტიპის ძალადობების შანსი“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

მსგავსი