საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოს პირველი არხი დაკავებულის ოჯახის წევრებსაც ესაუბრა.

„როგორც ვიცით, ორშაბათს უნდა ჩატარდეს კიდევ სასამართლო. წერილი გვაქვს შეგზავნილი. დედაჩემს დააწერინეს წერილი და იქედანაც ველოდებით წერილის გამოგზავნას“, – განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილის ძმისშვილმა, ავთანდილ მღებრიშვილმა.

ამასთან, ავთანდილ მღებრიშვილი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების ​შესაგროვებლად გადავიდა.

„სასაცილოა, რა ღამურები? ვიდეოში ჩანს, რომ დაბლა იყურება და შეშინებულიც არის. ვფიქრობთ, რომ იძულებით ათქმევინეს“, – განაცხადა ავთანდილ მღებრიშვილმა.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალებმა 3 ივლისს დააკავეს.

ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს მოქალაქე სოფლებში, არცევსა და ღრომში გადავიდა, რათა ღამურები დაეჭირა და ლუგარის ლაბორატორიისთვის თითოეული 5000 დოლარად მიეყიდა“.