საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული სოფელ ზერტის მცხოვრები გათავისუფლდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული სოფელ ზერტის მცხოვრები გათავისუფლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამი დღის წინ უკანონოდ დაკავებული, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი გათავისუფლდა.

ოკუპანტებმა ის სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მალხაზ დოლუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლა.

60 წლის მამაკაცი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთთან სანადიროდ იმყოფებოდა, სადაც დააკავეს.

„ბერშუეთთან ვნადირობდი და ძაღლი გამექცა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოვჩნდი და რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა დამაკავეს. ჯერ ღრომში, რუსულ ბაზაზე მიმიყვანეს, საიდანაც დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ ცხინვალში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. იქ საქართველოს მოქალაქე არავინ მინახავს, მარტო ვიყავი იზოლატორში. დღეს შედგა სასამართლო, ჯარიმა გადაიხადა ოჯახმა და გამომიშვეს“, — აცხადებს მალხაზ დოლუაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.