საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას ოჯახის წევრები დღეს ელოდებიან. ერთ-ერთი დაკავებულის, სოფელ ლამისყანას მცხოვრები გიორგი ზარიძის ოჯახმა გათავისუფლების სანაცვლოდ დაკისრებული ჯარიმა უკვე გადაიხადა. ოჯახის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში უკვე გაიმართა სასამართლო პროცესი და ოჯახმა ჯარიმის სახით 5000 რუსული რუბლი გადაიხადა.

„გუშინ ერთი წუთი ველაპარაკე ჩემს შვილს. მითხრა, რომ კარგადაა. იქ ახლობლები გვყავს და მათი მეშვეობით გვაქვს ინფორმაცია. სასამართლო უკვე შედგა და ჯარიმის თანხაც გადავიხადეთ ახლობლების მეშვეობით. 5000 რუსული რუბლი გადაიხადეს. გუშინ ველოდებოდით გათავისუფლებას. როგორც ვიცით, მასთან ერთად დაკავებულებს არ გადაუხდიათ ჯერ ჯარიმა და მაგას ელოდებიან, ერთად გამოუშვებენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან უკანონოდ დაკავებული გიორგი ზარიძის მამამ.

ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე გუშინ დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს.