საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექვსი თვის წინ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგები გააცნეს. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საკითხი ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დააყენა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ გახელაძის ოჯახს ჟენევის მოლაპარაკებების დროს მიღებული ინფორმაცია გააცნო.

„ზაზა გახელაძის ოჯახს გავაცანით ის დეტალები, რაც გამოიკვეთა ჟენევის მოლაპარაკების დროს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მკაცრად დააყენა ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გათავისუფლების საკითხი. ვუპასუხეთ ოჯახის კითხვებს. ზაზა გახელაძე ელოდება ე.წ. სასამართლო პროცესს. ის არის უკანონო პატიმარი და გრძელდება მუშაობა მის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, ინფორმაცია მიიღეს, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლაა, ასევე გაუმჯობესებულია გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„მოგვაწოდეს ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ. გვითხრეს რომ რაღაც ნაბიჯები არის წინ გადადგმული და წინსვლა არის მოლაპარაკების კუთხით. ჯანმრთელობის მდგომარეობა გვითხრეს, უკეთესია. ფეხი მოურჩა. რაც შეეხება ადვოკატს, ოკუპირებული ცხინვალიდან სახაზინო ადვოკატი არ დაგვკავშირებია“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.