საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. ამის ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გახელაძის ოჯახში დაუდასტურეს.

ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს უკვე გადასცეს ოჯახიდან გაგზავნილი ორი წერილი. ცხინვალის ციხიდან გამოგზავნილ წერილს კი, ოჯახს „წითელი ჯვარი“ ხვალ გადასცემს.

„წითელმა ჯვარმა“ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს შევიდნენ მოსანახულებლად. როგორც ვარაუდობდით, ფეხზე ჭრილობა რომ ჰქონდა, ამიტომ შეყოვნდა „წითელი ჯვრის“ შეშვება. გვითხრეს, რომ თავს კარგად გრძნობს. ორი წერილი გავგზავნეთ და ორივე გადასცეს. ხვალ უკვე მივიღებთ მისგან მოწერილ წერილს. 59 დღე გავიდა დაკავებიდან და მხოლოდ ახლა მოხერხდა ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებისას რუსმა სამხედროებმა ის ფეხის არეში დაიჭრეს.