საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა #1TVSPORT
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა #1TVSPORT

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში საკალათბურთო აკადემია გაიხსნა – პროექტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ინიციატორის, გიორგი სამხარაძის ცნობით, ახალი საკალათბურთო აკადემია, კალათბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის, ვიქტორ სანიკიძის თანადგომით, მომარაგდა ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ფარებით, ბურთებითა და სპორტული ფორმებით.

სპორტულ-სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ყოფილი საფეხბურთო არბიტრი გიორგი სამხარაძე, დიდი ხანია, ცდილობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სპორტული ცხოვრება გამოაცოცხლოს და პროექტში ოსი მოსახლეობაც ჩართოს.

„სოფელ დიცში საკალათბურთო აკადემიის გახსნა უპრეცედენტო ამბავია. პროექტი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციასთან კოორდინაციით განხორციელდა. ჩვენს ღონისძიებას სტუმრობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ბავშვებს გადასცეს სამახსოვრო სუვენირები და სპორტული ინვენტარი“, – ამბობს გიორგი სამხარაძე.