საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს შემოდგომიდან ახალი სკოლა ექნება, სამშენებლო სამუშაოები დღეს პრემიერმა დაათვალიერა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევს შემოდგომიდან ახალი სკოლა ექნება, სამშენებლო სამუშაოები დღეს პრემიერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, დღეს სოფელ მეჯვრისხევში სკოლის  სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათას ლარამდე დაიხარჯება და შემოდგომაზე მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მისაღებად ყველა საჭირო პირობა შეექმნებათ.

ქვეყანაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მიაწოდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შიდა ქართლის რეგიონში ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას და ხუთი სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამასთან, პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დაწყებულია 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 100 სკოლის რეაბილიტაცია. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 220 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრი სოფელ მეჯვრისხევის მშენებარე სკოლის ტერიტორიაზე დღეს ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა.