საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება
საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და სსიპ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში გამოჩენილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის სახლი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ანტონ ფურცელაძის შთამომავლებთან ერთად მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას.

„როგორც გაირკვა, სახლი და მისი უნიკალური მარანი განადგურების პირასაა. მისი აღდგენის შესახებ მოთხოვნას ოჯახი მრავალი წელია აყენებდა, ორი წლის წინ გაკეთდა პროექტიც, მაგრამ სამუშაოები არ განხორციელებულა. მინისტრის ადგილზე ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ განხორციელდება ანტონ ფურცელაძის სახლის აღდგენა.

ამასთან, მწერლის ოჯახი თანახმაა, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში გამოიყოს სივრცე, სადაც მოეწყობა მულტიკულტურული ცენტრი და ამ სივრცით არა მხოლოდ სოფელ არბოს, არამედ მიმდებარე სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს შეეძლებათ სარგებლობა. ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მწერლის სახლი სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან და ამ გარემოების გათვალისწინებითაც უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის სახლის აღდგენა და ამ სივრცეში კულტურული კერის გაჩენა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.