საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლდა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულმა ხვიჩა მღებრიშვილმა ოკუპირებული ცხინვალი დატოვა. ის ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.

ხვიჩა მღებრიშვილს ადგილზე, ერგნეთში ზეპირი გამოკითხვის შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. ის ოჯახს საკარანტინო რეჟიმის გავლის შემდეგ დაუბრუნდება.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის, 5 000-დან 10 000 დოლარამდე პირდებოდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე გაათავისუფლა.