საოჯახო სასტუმროებზე წყლის შერეული სატარიფო სისტემა გავრცელდება, ბინების გამქირავებლები კი, საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან
საოჯახო სასტუმროებზე წყლის შერეული სატარიფო სისტემა გავრცელდება, ბინების გამქირავებლები კი, საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) ბინებს აქირავებენ, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში, წყლის მოხმარების საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.

ამ განცხადებით, სემეკ-ი 13 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებას.

კომისიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელ წყალზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც ასეთი ტიპის სასტუმროებისთვის განსაკუთრებული პირობების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. წარმოების დასრულების შემდეგ კი, არაუგვიანეს 2019 წლის იანვრისა, საოჯახო სასტუმროებზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად, შერეული სატარიფო სისტემა გავრცელდება.

რეგულაციის შემუშავების პროცესში, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და მათი პოზიციების სამუშაო ფორმატში დაფიქსირებას.

რაც შეეხება 13 დეკემბრის გადაწყვეტილებას, 13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სემეკ-მა იმსჯელა მომხმარებელთა საჩივრებზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ. სადავო საკითხები შეეხებოდა სასმელი წყლის უმრიცხველო მოხმარებისთვის კომპანიის მიერ განხორციელებულ დარიცხვებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ეწევიან საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავებას. მომხმარებელთა განმარტებით, ისინი არ ეთანხმებოდნენ სამართალდამრღვევებად ცნობას და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განხორციელებულ დარიცხვებს. დარიცხვებთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დარიცხვები გააუქმდებათ. სემეკ-მა განაცხადა, რომ რადგან მსგავსი ტიპის საჩივრები არაერთი დაფიქსირდა, კომისიის გადაწყვეტილებით, დაწყებულია მუშაობა რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას ასეთი ტიპის მომხმარებლებისთვის.